მარკო რუბიოს პოზიცია ჯო უილსონის კითხვაზე - შეფასებები

კონგრესში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხი კითხვაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, პოლიტიკური განხილვის და შეფასებების თემაა.   ეს კითხვა მარკო რუბიოს „მეგობარი აქტის“ ინიციატორმა, ჯო უილსონმა დაუსვა. პასუხი კი ასეთი იყო: „როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი, დავუბრუნდები იმას, რაც ვთქვი ჩემს შესავალ განცხადებაში, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომ ჩვენ შევხედავთ ამას და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია, ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს და დამატებით შესაძლებლობებს. დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება” – განაცხადა მარკო რუბიომ.

ოპოზიციური სპექტრის შეფასებაა, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს. მმართველი გუნდი კი – მარკო რუბიოს განცხადებას ბუნდოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საჭიროა მეტი სიცხადე ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით.