მანდატების დატოვების საკითხი – უთანხმოება ოპოზიციაში
არაერთი დაანონსების მიუხედავად, ოპოზიციის 61-ვე საპარლამენტო მანდატის გაუქმების საკითხი ისევ ეჭვქვეშ დგას. მელია-გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის კოალიციის შემდეგ სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების მოთხოვნით განაცხადები დაიწერა „ლელო – ძლიერი საქართველოდანაც“, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე მათი დაკმაყოფილება საეჭვოა. 14-ივე განცხადებაში პარლამენტი თვითმარქვიად, მისი თავმჯდომარე კი ე.წ. თავმჯდომარედაა მითითებული, რის გამოც ავტორები ოპოზიციის ნაწილის კრიტიკის ადრესატები გახდნენ. ისევ გაურკვეველია, როდის მიმართავს მანდატებზე უარის თხოვნით საკანონმდებლო ორგანოს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, საიდანაც შესაბამისი განცხადება ამ დრომდე მხოლოდ გიორგი ვაშაძეს აქვს დაწერილი. მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი მოწოდების მიუხედავად, პოზიციის გადახედვას არ აპირებს გიორგი გახარია, რომელიც მანდატებზე უარის წერილობითად გაფორმებას კვლავ არ ჩქარობს. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განაცხადები არ დააკმაყოფილა. აირჩევს თუ არა მმართველი გუნდი ანალოგიურ სტრატეგიას ახლაც, – გუნდში ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.