საპატიმროდან წერილს აქვეყნებს „ლელოს“ ლიდერი. მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი გრძნობს, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ მის წინააღმდეგ. ის მიმართავს ყველას, გააერთიანონ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. მამუკა ხაზარაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა მათთან სატელევიზიო ბრიფინგებით გადაწყვიტა კომუნიკაცია, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა. თუმცა, მამუკა ხაზარაძე ხაზს უსვამს, რომ ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია მათ გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს. „ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა! ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები“. – ამბობს ხაზარაძე და წერილში ოპოზიციას გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა „ოცნების“ უფრო გაძლიერებისა. ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი! თქვენი მამუკა ხაზარაძე. საკანი 208“, – წერს „ლელოს“ ლიდერი გამოქვეყნებულ წერილში.