მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე  საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობებზე. ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებზე და ამ კუთხით მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობაზე, რაც ამერიკულ კომპანიების ინტერესის ზრდასა და ორმხრივი ვაჭრობის წახალისებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო მართლმსაჯულებისა და განათლების სისტემის რეფორმას. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და გამოწვევები.