მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველის განცხადებით, შესაბამისი უწყება მათ დღეს, 12:00 საათისთვის ჩაბარდათ და მაჩალიკაშვილი დღესვე, 14:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა მათ გადავადება მოითხოვეს. შესაბამისად, ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე სამშაბათს, 11:00 საათზე მივა.
ადვოკატის ინფორმაციით, გამოკითხვა გასული წლის მაისში მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირდება, თითქოსდა ის უსაფრთხოების სამსახურთან თავის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილის ეს განცხადება აღელვების ნიადაგზე იყო გაკეთებული და რაიმე საფრთხეს არ შეიცავდა. ადვოკატი ზეწოლად აღიქვამს ამ განცხადებაზე გამოძიების დაწყებასა და საგამოძიებო უწყებაში მაჩალიკაშვილის რამდენჯერმე დაბარებას. სუს-ის ინფორმაციით კი გამოკითხვაზე დაბარება მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებენ.