საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მაკკეინის ინსტიტუტის მისია განცხადებით ეხმაურება. შეფასებაში ვკითხულობთ: „სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება, მთავრობის „ბანდიტების“ ხელით სიკვდილი თუ მოხდება, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახდება. ჩვენ ბევრი მოსაუბრისგან მოვისმინეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავდა მუქარას, დაშინებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, სამოქალაქო ორგანიზაციებზე რეიდებს, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებასა და პირადობის მოწმობების ჩამორთმევას.
დეზინფორმაციის ექსპერტებმა აღწერეს, როგორ ავრცელებდა „ქართული ოცნება“ კრემლის კვალდაკვალ ნარატივებს და ცდილობდნენ ამომრჩევლების დაშინებას ომის საფრთხით, თუ ისინი ოპოზიციას მისცემდნენ ხმას. საარჩევნო დამკვირვებლებმა დელეგაციას წარუდგინეს თავიანთი მიგნებები და არჩევნების დღის დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია სერიოზული დარღვევები, მათ შორის ხმის მრავალჯერადად მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, დაშინება და სტატისტიკური შეცდომები.
დელეგაციამ ეს ანგარიში გააცნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, თუმცა დამაჯერებელი პასუხები ვერ მოისმინა. მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად, სანქციები არ არის საკმარისი და საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მთავრობა არ უნდა აღიაროს ლეგიტიმურად.