„სახელმწიფო მდივნის პასუხიდან, დღეს რა დასკვნაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ ამერიკას საქართველოსთან და ზოგადად ამ რეგიონთან მიმართებით პოზიციები არ აქვს“ – განაცხადა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ჯო უილსონის მიერ დასმული კითხვა, „ქართული ოპოზიციის“ და აქტივისტების სასაზრდოოდ იყო დასმული, რათა მსგავსი ტიპის საგარეო აქტორების განცხადებებით, „ქართულმა ოპოზიციამ“ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას. მაკა ბოჭორიშვილმა ასევე მარკო რუბიოს რეფორმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები შეაფასებენ ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და განსაზღვრავენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. მისივე თქმით, ამას აქამდე USAID-ი და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები ახორციელებდნენ, ახლა საუბარია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს ინფორმაციის წყარო.