მაგისტრალური წყალსადენის დაზიანება
საბურთალოზე გამრეკელის ქუჩაზე, სადაც წყლის მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა და მოსახლეობა დაზარალდა, სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ამ დროისთვის წყლის მაგისტრალური მილის შედუღების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე დედაქალაქის მერი იმყოფებოდა, რომელმაც დაზარალებულები მოინახულა და დახმარება აღუთქვა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. წყლის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების გამო, წყალმა მიწიდან მაღალი წნევით ამოხეთქა და მესამე სართულამდე მიაღწია. წყალმა საცხოვრებელ ბინებში ქვა-ღორღი და მიწაც შეიტანა. ამასთან სრულად დაიტბორა გამრეკელის 10 ნომრის სარდაფები, ეზო და ეზოში მდგარი ავტომობილები. შედეგად რვა ოჯახი, 24 ავტომობილი და ერთი კომერციული ფართი დაზიანდა. მაგისტრალური წყალსადენი „ჯივიპის“ ეკუთვნის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქსელი ავარიულად დაზიანდა და მაშინვე მოახდინეს რეაგირება. დაკეტეს მილსადენი და პარალელურად უსაფრთხოების სამსახურებთან ერთად დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია. ამასთან წყლის კომპანია აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას იღებს და თითოეულ დაზარალებულს სრულად აუნაზღაურებს ზიანს.