მაღაროელების აქცია გრძელდება ჭიათურაში, სადაც ორი მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მათი თქმით, შიმშილს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ აქციის მონაწილეებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდებიან. დღეს მაღაროელების წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომაზე აქციის მონაწილეების მოთხოვნები გააჟღერა. მაღაროელების აქცია 6 აპრილს ჭორვილაში გადაინაცვლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები კვლავ კუთვნილ ხელფასს, კომპანიის ჭიათურიდან გასვლას და სახელმწიფოს მიერ წიაღისეულის მოპოვების პროცესის გადაბარებას მოითხოვენ. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ერთი თვის ხელფასის დარიცხვის შესახებ მაღაროელები არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ წიაღისეულის მოპოვების მიწისქვეშა სამუშაოები შეწყვიტა, რის გამოც სამსახურის გარეშე 3500 მაღაროელი დარჩა.