ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების პროცესი დასრულდა. გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს კი – 4 წელი და 3 თვე მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა გამოაცხადა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებიან, რომლებიც გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება. სასამართლოს გამოტანილ განაჩენს ეხმაურება „ჯორჯიან მანგანეზის“ ადვოკატი. გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობდა. მისი განმარტებით, მსჯავრდებული პირებიდან მხოლოდ ერთი წარმოადგენს მაღაროს თანამშრომელს. ადვოკატის თქმით, სასამართლოების მიმდინარეობისას დანაშაულს არცერთი პირი არ ინანიებდა.