„ლოკომოტივმა“ უსახსრობის გამო, შესაძლოა, „კონტინენტის ფარზე“ ვერ იასპარეზოს
„დიდი 10“-ის გამარჯვებულმა გუნდმა, „ლოკომოტივმა“ უსახსრობის გამო, შესაძლოა, „კონტინენტის ფარზე“ ვერ იასპარეზოს. ამის შესახებ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ბენდიაშვილმა “მოამბესთან” საუბარში განაცხადა. თბილისური კლუბი საქართველოს ათგზის ჩემპიონია. 2018-2019 წლების სეზონზე ბენდიაშვილის გუნდი, როგორც ქვეყნის გამარჯვებული, მიწვეულია ევროპის ჩემპიონატზე.
პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში, რაც “ლოკომოტივის” თავკაცის თქმით, რეალური ამოცანაა, თბილისურ კლუბს „ჩელენჯ კაპის“ ტურნირზე შეეძლება მონაწილეობის მიღება. უსახსრობის გამო, გუნდის შეჯიბრებაზე გამოსვლის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მთავარი მწვრთნელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სპონსორი არ გამოჩნდება, “ლოკომოტივი” ტურნირზე მონაწილეობას ვერ შეძლებს.
რამდენიმე წუთის წინ რაგბის კავშირმა საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა განცხადება. ქართული რაგბის მმართველი ორგანო უერთდება “ლოკომოტივის” განცხადებას და მოუწოდებს კერძო სექტორს, მხარში დაუდგნენ საქართველოს ჩემპიონს.