კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია „ანას“ გამარჯვებულები ცნობილია. ნომინაციაში „ქალი პოეტი“ პრემია ირმა ბერიძეს, კრებულისთვის „კაცმა დარეკა“ და ლელა (მარინე) გაბურს, კრებულისთვის „ფითრის ბილიკზე“- გადაეცა. ნომინაციაში „ქალი პროზაიკოსი“ გამარჯვებულია ნათია როსტიაშვილი, წიგნისთვის „სხვა სკოლა“. ნომინაციაში „ქალი მთარგმნელი“, გამარჯვებულია მარინა ბალავაძე ჟან-პოლ სარტრის წიგნის თარგმანისთვის „რა არის ლიტერატურა?“. რაც შეეხება ნომინაციას „ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი“, კონკურსი არ შედგა. გამარჯვებულებს კონკურსის სიმბოლოები და ფულადი პრემიები 5000 ლარი გადაეცათ. ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კულტურის სამინისტროს 27 განმცხადებელმა მომართა. ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „ანა“, რომელიც დიდი ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება, საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2022 წელს დააფუძნა.