ლისის ტბის საქმე

უზენაესმა სასამართლომ ლისის ტბის საქმეს პრეცედენტული დავის კვალიფიკაცია მისცა და არსებითი განხილვისთვის დაუშვა,- ამის შესახებ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა განაცხადა. მისი თქმით, ახვლედიანს წინა ხელისუფლებამ იძულებით ჩამოართვა ლისის ტბა, რომლის მფლობელიც მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ გახდა.

უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო რამაზ ახვლედიანის ყველა მოთხოვნა, რომელიც ლისის ტბის წართმევის საქმესთან დაკავშირებით არსებობს.

ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისთვის მიღებაზე 2018 წლის 27 დეკემბრით თარიღდება, ხოლო სასამართლოდან მხარეს ოფიციალური საფოსტო შეტყობინებით, 2019 წლის 15 თებერვალს მიიღო.

საქმეში მონაწილე სხვა მხარეებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.