მეორე დღეა შეფასებების თემა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ქართველი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული სანქციები.
არაფრის მთქმელი – ასე ფასდება მმართველ გუნდში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ აცხადებენ, რომ სანქციები სწორედ იმიტომ წესდება, რომ ხელისუფლება არა გარე ძალების დაკვეთით, არამედ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. „ქართულ ოცნებაში“ დღეს ევროპელ მაღალჩინოსნებს უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობები, მათ შორის ეკონომიკური კავშირები შეახსენეს. სამი ევროპული ქვეყნის მხრიდან დაწესებულ სანქციებს მიესალმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც ქვეყანაში ხელახალი არჩევნების მიღწევის ერთ-ერთ გზად სწორედ გარე ზეწოლას განიხილავენ, პარტნიორებს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. ძირითადი თავისუფლებების უხეში და სისტემური დარღვევები და რეპრესიები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ – ასეა განმარტებული სანქცირებულთა სიის გაფართოების გადწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ათეულობით პირს მათ შორის დეპუტატებს, სამართალდამცველებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ.