ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ დაწესებული მორიგი სანქციები. გადაწყვეტილებას ოპოზიცია იწონებს და სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. „ქართული ოცნების“ შეფასებით კი, მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე და ამ პირობებში ეს სანქციები არაფერს ნიშნავს. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სანქციები ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ასევე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვამ საქართველოს 74 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა. იგულისხმება ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ და სისტემურ დარღვევებზე და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიებზე. ლიეტუვის მიერ ახლად სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, პროკურორები და პოლიციის თანამდებობის პირები, მათ შორის – მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, როგორც აღნიშნულია ცრუ ჩვენების მიმცემნი და მისი უკანონო დაკავების ხელშემწყობნი. ასევე ლატვიამ განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა საქართველოს 16 მოქალაქეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელ „იქსზე“ დაწერა. გადაწყვეტილების შესახებ ასევე ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების ვებგვერდზეც. განცხადებაში არ არის მითითებული, რა იყო პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზები და კონკრეტულად ვინ მოხვდა სიაში. ამავე დროს, ძალაში შევიდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ ხელმოწერილი ბრძანებაც, რომლის თანახმადაც, ესტონეთმა ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა 55 ქართველ პროკურორს, მოსამართლეს, პოლიციელს, პარლამენტის წევრს და სხვა პირებს.