ლევან იზორიამ აზერბაიჯანში ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

ამის შემდეგ ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. ხელი მოეწერა უწყებებს შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას. მინისტრებმა ყურადღება თურქეთის ჩართულობით სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. ლევან იზორიამ აღნიშნა, თვის ბოლოს სამმხრივ ფორმატში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. თავდაცვის მინისტრმა, ვიზიტის ბოლოს, საპატიო დაკრძალვის ხეივანში ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიჰა ალიევას საფლავი გვირგვინით შეამკო.