„ლელოს“ ინიციატივა – პოლიტიკური პოზიციები
„ლელო“ ოპოზიციის ნაწილის მწვავე კრიტიკის ადრესატად კიდევ ერთხელ იქცა. ამჯერად მიზეზი პარტიის ლიდერების განცხადებაა, რომელშიც ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას სთხოვენ.
ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ქვეყანაში არსებულ ვითარებას პოლიტიკურ კრიზისად აფასებს და რეგიონში გაუარესებული ვითარების და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე გამოსავალს და კრიზისის დაძლევის გზას მხოლოდ მოლაპარაკებაში ხედავს. პარტიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს, თუმცა ბოიკოტის ფონზე ცოტა ხნის წინ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობდა, დიალოგი მხოლოდ ორი საკითხის გარშემო ესახება – ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.
შეთავაზებამ მძაფრი რეაქციები გამოიწვია ახლად შექმნილი ოპოზიციური ალიანსის რიგებში, რომელსაც „ლელო“ დამოუკიდებელი სამოქმედო სტრატეგიის გამო არ შეუერთდა. განცხადების შინაარსი არამკაფიო აღმოჩნდა ალიანსს მიღმა მყოფი სხვა ოპოზიციონერი აქტორებისთვისაც. ცნობილია ხელისუფლების პასუხიც. პარტიასთან, რომელიც მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელში ასაკრძალი პოლიტიკური ძალების ჩამონათვალშია, ხელისუფლება დიალოგს გამორიცხავს.