„ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივა - გამოხმაურებები

პარლამენტში უკრაინის საკითხზე პარტია „ლელოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. რეზოლუცია საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართოს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით. ამასთან, პროექტი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ოფიციალურ კიევთან თანამშრომლობასა და 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარებას ავალებს. ოპოზიციის ნაწილი რეზოლუციის მიღებას მხარს უჭერს, ნაწილის კი პარლამენტის მიერ ამ დოკუმენტის მიღების აუცილებლობაში დარწმუნება სჭირდება. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ „ლელოს“ მიერ შედგენილი რეზოლუციის მოთხოვნები ხელისუფლებას უკვე განხორციელებული აქვს მარტის თვეში.