საფრანგეთის დედაქალაქში მარინ ლე პენის მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეთა აქციები ერთდროულად გაიმართა. მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ სცნეს და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალეს. მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავად ლე პენმაც. სასამართლოს განაჩენის კრიტიკასთან ერთად ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება დააანონსა. აქციების პარალელურად ფრანგ ოპოზიციონერს მხარდაჭერა გამოუცხადეს შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. პარიზის სააპელაციო სასამართლო ლე პენის საქმეზე გადაწყვეტილებას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებს.