ლაშა ტალახაძის ოლიმპიური ოქრო და რეკორდი

მსოფლიოს უძლიერესმა ადამიანმა, ლაშა ტალახაძემ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქრო, ჯამში კი მეშვიდე მედალი მოუტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა და თავისივე რეკორდებიც გააუმჯობესა. ტალახაძემ პირველ ცდაზე უპრობლემოდ 208 კილოგრამი დააფიქსირა, მეორეზე – 215, მესამეზე კი – 223 და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აკვრაში ტალახაძემ გამოსვლა 245 კილოგრამის აწევით  დაიწყო და ჩემპიონობა პირველივე ცდაზე გაინაღდა. მეორე ცდაზე იოლად, 255 კილოგრამი დაძლია, მესამეზე კი 265 კილოგრამს შეუტია და მსოფლიო რეკორდი აკვრაშიც და ორჭიდშიც გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში, ლეგენდარულმა ლაშა ტალახაძემ 488 კილოგრამი დააფიქსირა, რაც მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია. მან ოლიმპიადაზე ოქრო პირველად 2016 წელს, რიოში მოიგო. ის ასევე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია.