პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და ოლიმპიადის რეკორდსმენი, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე სამშობლოში დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 2000 წლის შემდეგ გურული პირველი მოკრივეა, ვინც ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება ნინო სალუქვაძეს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ლეგენდარულმა მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და პარიზში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა. სალუქვაძეს ოლიმპიადებზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოქრო და ვერცხლი 19 წლის ასაკში 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე. ის მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ათ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.