კვლევის შედეგები

ერთ წლიანი კვლევის შედეგები.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ საერთო სასამართლოების  მოსამართლეების შესახებ მომზადებული სამი კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მოსამართლეების განათლების ხარისხის შესაბამისობას, მოსამართლეების ფინანსური დეკლარაციების, ქონებრივი მდგომარეობის ანალიზს და სოციალურ მედიაში მათ ქცევას მოიცავს.  ორგანიზაციამ სამივე ინსტანციის 300-მდე მოსამართლის მონაცემები შეისწავლა. კვლევის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარის შემდეგ 11-მა მოსამართლემ სასამართლოს მიმართა და სასამართლოს დავალებით ცენტრმა მათი დიპლომები აღიარა. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სასამართლოს მიერ ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში გამოვლენილი შეხედულებები კრიტიკას ვერ უძლებს. 11 მოსამართლეს განათლების ხარისხის ცენტრმა დიპლომების აღიარებაზე მანამდე უარი უთხრა. კვლევაზე კომენტარი გაკეთდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, კვლევით მახინჯდება რეალურად პრობლემური თემა. როგორც ის ამბობს, დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ მოსამართლეებს არ ეხებოდა და მსგავსი საქმეებით სასამართლოს არაერთი ადამიანი მიმართავს.

რაც შეეხება, სოციალურ ქსელში დაფიქსირებულ პირად პოზიციებს, გვრიტიშვილი განმარტავს, რომ მისთვის მსგავსი შინაარსის ინფორმაციის დაწერა მიუღებელია.