კულტურის მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საფრანგეთში ვიზიტისას, ლევილის ქართულ მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ლევილის მამულში შატოსა და მედიათეკის შენობების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ლევილის შატოს, ასევე, ე. წ. პოლკოვნიკ წერეთლის სახლისა და ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას მოიცავს. ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე, 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა მუზეუმი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული ოდა, გაშენდება ქართული ვაზი, ფრანგული ბაღი და მოეწყობა ესპლანადა. ლევილის მამულში, ასევე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია იმყოფებოდა, რომელიც მამულში დაცული სხვადასხვა პერიოდის დოკუმენტაციასა და წიგნად ფონდს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, კულტურის მინისტრმა ლევილის ქართველთა სასაფლაოც მოინახულა.