კულტურის მინისტრის განცხადება

კულტურის მინისტრი ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. თეა წულუკიანის განცხადებით, გუშინ გამართული აქციების მონაწილეებმა, საზოგადოებას სარწმუნო არგუმენტი ვერ მიაწოდეს და თემის პოლიტიზებას არასწორი ფორმით ცდილობენ. მინისტრის განცხადებით, ხელოვნების მუზეუმში ახლა ინვენტარიზაციის გამჭვირვალე პროცესი მიმდინარეობს, რომლის შედეგები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება. თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობის აღდგენა მომავალი წლიდან დაიწყება და მთავრობა საჭირო ასიგნებებს მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე ასახავს. მუზეუმის აღდგენა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. რაც შეეხება მუზეუმის ფონდებს, კულტურის მინისტრის თქმით, ექსპონატები დროებით ჯანაშიას მუზეუმის უკვე მომზადებულ საცავში და საგამოფენო სივრცეში, ასევე ხელოვნების მუზეუმის უკანა ორ კორპუსში განთავსდება, რომელიც ამ ფონდებს მთლიანად დაიტევს.