„კოვიდ 19“-ის გავრცელების მაჩვენებელი

კორონავირუსი დაამარცხა პაციენტმა, რომელსაც საქართველოში დაავადება პირველს გამოუვლინდა. განმეორებით ჩატარებულმა ანალიზმა ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქის ორგანიზმში „კოვიდ 19“-ის არარსებობა დაადასტურა.

19-დღიანი მკურნალობის შემდეგ მამაკაცმა თბილისის ინფექციური კლინიკა ორი საათის წინ დატოვა. ამ პაციენტის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსის 33 შემთხვევა ფიქსირდება. სამი ახალი შემთხვევიდან ორი ე. წ. მესამეულ გადაცემას უკავშირდება. რაც შეეხება ჩეხეთიდან ჩამოსულ ტურისტს, რომელსაც გუდაურში რამდენიმედღიანი დასვენების მერე კორონა ვირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა, ახლაც გრძელდება იმ პირების მოძიება, რომლებთანაც მითითებულ ტურისტს 4-დან 9 მარტამდე ჰქონდა კონტაქტი.