კოსის განცხადება – თბილისის პასუხი
რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე – განსაკუთრებული მოლოდინია გაფართოების იმ ანგარიშის მიმართ, რომელსაც ევროკომისია ჩვენს ქვეყანაზე უახლეს კვირებში წარადგენს. თუმცა მანამდე გაკეთებული განცხადებები და გზავნილები გარკვეული, არცთუ ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. სკეპტიციზმს აძლიერებს გაფართოების პროცესთან დაკავშირებული ის კომუნიკე, რომელიც ევროსტრუქტურების მხრიდან უკვე მომზადებულია და რომლებიც მხოლოდ ოთხ კანდიდატ ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთს ეხება. ხელისუფლების მხრიდან დიალოგის განახლების არაერთხელ შეთავაზების ფონზე ბრიუსელი რიტორიკას არ ცვლის. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის ახალმა განცხადებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ევროინტეგრაციის პროცესის გარშემო ვნებათაღელვა გაამძაფრა. კოსმა საქართველოსთან შედარებით უკრაინისა და მოლდოვას მკვეთრ უპირატესობას და საქართველოს კანდიდატის სტატუსის ფორმალურობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან სტატისტიკური მაჩვენებლების და ბოლო კვლევების შეხსენება მოჰყვა. ბრიუსელთან შეჩერებული დიალოგის და ევროკავშირის ლიდერების კრიტიკული შეფასებების ფონზე ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს გამორიცხავს.