კორონავირუსი - გავრცელების არეალი

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული, უახლოეს წარსულში ევროპაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, პაციენტი სრულ იზოლაციაში იყო.  ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი საზოგადოებაში არ გავრცელდება, რადგან ამისთვის შესაბამის ზომებს იღებენ.

ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იამაიკაზეც. იამაიკელ ქალს, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, უახლოეს წარსულში დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ კი კორონავირუსის გამო, 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გადადო.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, 11 მარტიდან 20 მარტამდე ყველა შეხვედრა გაუქმდება – აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსი 115-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. საერთაშორისო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსის 119 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 4 284 ადამიანი. ამ დრომდე განკურნება 65 776-მა პაციენტმა მოახერხა.