კორონავირუსი - ეპიდემიური ვითარება სამეგრელოში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში სწრაფი ტესტირება და თერმოსკრინინგი დღესაც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ეპიდემიოლოგთა ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გამოკვლეულია 600-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 22 ადგილობრივს კორონავირუსი დაუდასტურდა,  სამი კოვიდინფიცირებული ჰოსპიტალიზებულია, ორი გადაყვანილია კოვიდსასტუმროში, ხოლო დანარჩენები სახლში გადიან მკურნალობას. მოძიებულია ყველა ინფიცირებულის კონტაქტი  და ყველა მათგანი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, თვითიზოლაციაში იმყოფება.

აბსანძეეების უბანში, სადაც ვირუსის ლოკალური აფეთქებაა, მოწყობილია პოლიციის სპეციალური პუნქტი. სოფელში მოქმედებს მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. რაც შეეხება ეპიდვითარებას რეგიონში, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მატულობს და დადებითობის მაჩვენებელი მიმდინარე კვირაში 3.9%-ია. ბოლო დღეების განმავლობაში, რეგიონში,  კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფოთის „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს უკავშირდება.