როგორი იქნება ოპოზიციისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის სამოქმედო სტრატეგია – ზუსტი დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის. საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. ორბელიანების სასახლეში შეხვედრის გამართვას ოპოზიციის ნაწილი დღესაც გეგმავს. გუშინ კი შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ. იმსჯელეს სამოქმედო გეგმასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის გზებზე. ასევე განხილვის თემა იყო 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ისინი მზად არიან 29 დეკემბრის შემდეგ დარჩნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სალომე ზურაბიშვილს ფიზიკურად გვერდით დაუდგნენ. გუშინდელ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“. პარტიაში ამას ტექნიკური მიზეზებით ხსნიან და აცხადებენ, რომ მომავალ კონსულტაციებში მონაწილეობის გაგრძელებას გეგმავენ. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის იდეას, გახარიას პარტიაში განმარტავენ, რომ არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს არ მიესალმებიან. დაანონსებული საბჭოს შექმნის საკითხზე კი ამბობენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული ხედვა და მკაფიო მიზნები ექნება აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ისინი მხარს დაუჭერენ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარების და პარლამენტის დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.