კონგრესმენ ჯო უილსონის წერილი

გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა, – ამ სიტყვებით მიმართავს აშშ-ის კონგრესის საგარეო კომიტეტისა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი კონგრესმენი, ჯო უილსონი საქართველოს სრულუფლებიან ელჩს.

დიპლომატის სახელზე გაგზავნილ წერილში კონგრესმენი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს. „მიმდინარე წლის დასაწყისში საარჩევნო რეფორმების მიღების შემდეგ, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისკენ. ქართველებმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთეს არჩევანი და მოხარული ვარ, რომ ეს იყო მტკიცე გზავნილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების უფრო გაღრმავების საქმეში“ – ნათქვამია კონგრესმენის წერილში.