კოალიციის ფორმირების ოპოზიციური გეგმა

გახდება თუ არა საჭირო მოახლოებული არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირება – პრეზიდენტის ახალმა განცხადებამ მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია.

სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური ხელისუფლების აუცილებლობაზე საერთაშორისო მედია-საშუალებისთვის მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში ისაუბრა. სწორედ კოალიციურ მთავრობაში ხედავს სახელმწიფოს მეთაური დეპოლარიზაციის წყაროს. ბოლო ინტერვიუს შემდეგ პრეზიდენტის მისამართით მმართველი გუნდის კრიტიკული ტონი კიდევ უფრო გამწვავდა. „ქართული ოცნებისთვის“ სალომე ზურაბიშვილის გზავნილი ოპოზიციის წინასაარჩევნო ტაქტიკის ნაწილი და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერების მცდელობაა. ხელისუფლება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს, რადგან არათუ მხოლოდ გამარჯვებაში, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაშია დარწმუნებული. რადიკალურად გასხვავებული პროგნოზი აქვთ ოპონენტებს, თუმცა 5%-ანი ბარიერის და ბლოკების აკრძალვის პირობებში ოპოზიციის დიდი ნაწილი ალიანსების შექმნას ემხრობა და ოპოზიციურ ფლანგზე ხმების დაკარგვის თავიდან აცილების გზებს ეძებს.