კიევში საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან

საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან კიევში.  მოთხოვნები უცვლელია: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და პოროშენკოს იმპიჩმენტი. აქციის მონაწილეები ადგილობრივი დროით 12 საათზე შევჩენკოს პარკში შეიკრიბებიან. მსვლელობისთვის აქტიურად ემზადებიან ე.წ. კარვების ქალაქშიც, სადაც ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციას არ გამორიცხავენ და საპასუხო რეაქციისთვის ემზადებიან.

ახალი ძალების მოძრაობის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა პირველ არხს  უთხრა, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური, მილიონიანი მარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებასაც გააპროტესტებენ.

დაპატიმრებამდე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მომხრეებს განუცხადა, რომ მარშზე თავადაც გავიდოდა, თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორში აღმოჩნდა. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.