ხელოვნური ინტელექტი და უსაფრთხოების რისკები

ხელოვნური ინტელექტისგან მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ექცევა.

სამუშაო ადგილების შემცირების, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის გარდა ტექნოლოგია შესაძლოა გაცილებით დიდი რისკების მატარებელი იყოს. არ არის გამორიცხული, რომ ის ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოიყენონ. სკანდალური განცხადება ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანია „ანთროპიკის“ ხელმძღვანელს ეკუთვნის, რომელსაც ამერიკის სენატში მოუსმინეს. ევროკავშირის პარალელურად, სფეროს რეგულირებაზე მსჯელობა კონგრესშიც დაიწყეს. მსოფლიოს არაერთი ლიდერი ხელოვნური ინტელექტის გარშემო უსაფრთხოების ზომების შემუშავებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას ითხოვს.