მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა უკვე 36 ადამიანს დაეკისრა, ისევ გაურკვეველია ვინ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას 4 ოქტომბრის ძალადობრივ ქმედებებზე.
ამ დრომდე ძირითადად ურთიერთბრალდებები ისმის. უფრო მეტიც, ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში, საიდანაც სიტყვათა შეთანხმება „მშვიდობიანი დამხობა“ პირველად გაჟღერდა, დღეს ამბობენ, რომ არაფერი იცოდნენ იმ გეგმის შესახებ, რომელმაც აქციის მონაწილეები ათონელის რეზიდენციამდე მიიყვანა და პრეზიდენტის სასახლის რკინის ღობე გაარღვევინა. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მომხდარში სრულად მმართველი გუნდის ბრალეულობას ხედავს, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის პარტიას ადანაშაულებს. მწვავე კრიტიკასთან ერთად, რომ აქცია ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებში არ უნდა გადაზრდილიყო, ისმის სამი გვარი, ოპოზიციის ერთი ნაწილი დაკავებულთა რაოდენობას ბურჭულაძე-სააკაშვილი-ხაბეიშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებს უკავშირებს. საყურადღებოა ექს-პრემიერის პარტიის პოზიციაც. უახლოეს წარსულში აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად, გახარიას გუნდი პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილსაც აკისრებს.