ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო 

თითქმის სამწლიანი განხილვის შემდეგ რეზონანსულ საქმეზე განაჩენი გამოცხადებულია.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი დამნაშავეებად ცნეს და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სასჯელს არც ერთი მათგანი არ მოიხდის. ჯგუფურად ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით შეიცვალა, რის გამოც პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. უკმაყოფილოები არიან ბრალდებულებიც.

საქმე, რომელიც ძიების საგანი იყო, 2008 წელს „თიბისი ბანკიდან“ განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძეს 17 მილიონამდე დოლარის ლეგალიზებას, წერეთელს კი ფულის გათეთრებაში მონაწილეობას ედავებოდა. ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ბანკის დამფუძნებლები მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ. დევნის ხანდაზმულობის და პატიმრობისგან გათავისუფლების მიუხედავად, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შესაძლოა პოლიტიკურ დღის წესრიგში მაინც დადგეს.