კეზერაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის

დავით კეზერაშვილმა ამერიკის ვიზაზე უარის მიღების გამო, სასამართლო დავა დაიწყო. საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში მან მიზეზის დასადგენად შეიტანა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შტატების მსგავსი დამოკიდებულება ევროპის ქვეყნებმაც უნდა გამოიჩინონ, სადაც კეზერაშვილი პენსიონერების დანაზოგების მითვისებაშია ეჭვმიტანილი. მმართველი გუნდის განმარტებით, ლოგიკურია, რომ ვიზაზე უარის საფუძველი ფულის გათეთრების საკითხს უკავშირდება. დავით კეზერაშვილს ვიზაზე უარი იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212-ე მუხლის საფუძველზე უთხრეს. კანონმდებლობის ეს პუნქტი ფულის გათეთრებას ეხება და ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავს იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ, ან არიან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. შეზღუდვა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, თუ საკონსულოს თანამშრომელს ან გენერალურ პროკურორს ეჭვი აქვს, რომ ვიზის მომთხოვნ პირს კავშირი აქვს და ეხმარება სხვებს ფინანსურ დანაშაულში.