კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე

15:19, 11.02.2025

საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის, 26 წლის ბექა ჯაიანის პროცესი გაიმართა. ადვოკატები პროკურატურის მტკიცებულებას დაეთანხმნენ და სრულად უდავოდ გახადეს, გარდა ერთისა. სამხარაულის ექსპერტიზის სასამართლო სამედიცინო დასკვნაზე დავობს დაცვის მხარე, რომლითაც აბრამიძეს სიცოცლისდროინდელი 28 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული. შესაბამისად, ამ დასკვნის გამცემი ექსპერტი დაიკითხება შემდგომ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 21 თებერვალს გაიმართება. ბექა ჯაიანი განზრახ მკვლელობას აღიარებს, თუმცა არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით და გენდერული ნიშნით ჩადენილ მკვლელობას. ჯაიანი ასევე არ აღიარებს კესარია აბრამიძეზე სისტემატურ ძალადობას. პროკურორის განცხადებით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ბრალდებულის ფარული ჩანაწერი და გამოკითხული მოწმეები ადასტურებს იმას, რომ ჯაიანი კესარია აბრამიძეზე გენდერისა და იდენტობის ნიშნით სისტემატურად ძალადობდა, ექსპერტიზის დასკვნა კი იმის მტკიცებულებაა, რომ მკვლელობა ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის იმ ნაწილით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი