ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - პოლიტიკური შეფასებები
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო.
ამჟამინდელი რეზოლუციის სახელწოდებაა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. დოკუმენტი ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს. კენჭისყრაზე რეზოლუციას 400-მა დეპუტატმა, 63-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. თავი შეიკავა 81-მა. რეზოლუციის პროექტში კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის სახელით წარდგენილი ერთადერთი შესწორება შევიდა, რომელიც 27-ე პარაგრაფში, ხელისუფლებისგან ევროპარლამენტის წევრებისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას მოითხოვს. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. მოუწოდებს ევროკავშირს დააწესოს სანქციები ხელისუფლების წევრების მიმართ. გაკეთებულია მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რაც რეზოლუციის ავტორების თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად არის დასახელებული. საინტერესოა, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრს, ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე დააწესონ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და მისი კომპანიების მიმართ. პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ეხებათ თანამდებობის პირებს და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძეს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს; ასევე მოსამართლეებს და სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებს, მედიასაშუალებების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“, „პოსტ TV“-ისა და „რუსთავი 2“-ი მფლობელებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს. ამასთან რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 120 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის.
ევროპარლამენტის რიგით მეექვსე რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაცრ შეფასებებს მოიცავს – ის, რომ რეზოლუციების ტექსტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზეა საუბარი, სიახლე არ არის. თუმცა, ამჯერად რეზოლუციაში უკვე ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, შეყვანილია ბიზნესისა და მედიამენეჯერების გვარებიც, სალომე ზურაბიშვილი კი ლეგიტიმურ პრეზიდენტადაა გამოცხადებული, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, თქვან, რომ ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს.
„ქართულმა ოცნებამ“ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა თათია ტაბეშაძემ მოისმინა პოლიტიკური სპექტრის შეფასებები.