კარასინი-აბაშიძის ონლაინსაუბარი შედგა

გავრილოვის ვიზიტი საუბრის თემა არ ყოფილა, – ასეთია ზურაბ აბაშიძის პასუხი ოპოზიციის განცხადებაზე. განხილვის მთავარი საკითხი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება იყო. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქართულ რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, გრიგორი კარასინთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა და ოკუპირებულ რეგიონებთან მიმოსვლა ფაქტობრივად შეწყვეტილია.

განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზეც, რაც ქართული მხარის შეფასებით, დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს.

სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში, შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია. პრაღის ფორმატში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

 

დატოვე კომენტარი