კანონპროექტი „უცხოური დაფინანსების გამჭირვალობის შესახებ“ - მხარეთა პოზიციები

მოახდენს თუ არა რეზონანსული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე გავლენას – ინიციატივის კანონად ქცევად შემთხვევაში ოპოზიცია და მესამე სექტორი საქართველოსთვის ევროკავშირის კარის დახურვას აანონსებენ. მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა წლის ბოლოს ახალ ეტაპზე გადასვლას, ანუ წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რეზონანსული კანონპროექტის გარშემო პოლიტიკური ვნებათაღელვა კიდევ უფრო მძაფრდება. შარშან საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული და წელს ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის გამო ოპოზიციის ნაწილი გაცილებით მკაცრ საერთაშორისო რეაგირებას ელის და მმართველი გუნდის დეპუტატების სანქცირებასაც არ გამორიცხავს. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და სამოქალაქო სექტორზე შეტევის არგუმენტით ინიციატივის უკან გაწვევას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ბრალდებების პასუხად „ქართული ოცნების“ ლიდერებს პუნქტების დონეზე უწევთ ახსნა და მოქალაქეების დარწმუნება, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციების წარდგენას და უცხოური ძალის ინტერესის წარმომადგენლად დარეგისტრირებას რუსულ კანონთან საერთო არაფერი აქვს.