კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

ევროკომისიის მეხუთე პუნქტი პოლიტიკური დაპირისპირების თემად რჩება.

საუბარია რეკომენდაციაზე, რომელიც დეოლიგარქიზაციას გულისხმობს. ოპონენტების წინააღმდეგობის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა პოზიცია არ შეცვალა და პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაიტანა კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში უკვე მიღებული კანონის იდენტურია. თუ პროექტი დამტკიცდება, ოლიგარქად განისაზღვრება ყველა ის ადამიანი, რომელიც გაწერილი ოთხი კრიტერიუმიდან სამს მაინც დააკმაყოფილებს. ოპოზიციის აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტი ევროკომისიის რეკომენდაციას არ პასუხობს. პლენარულ სხდომაზე ხუთსაათიანი განხილვა ცხარე დებატებში გადაიზარდა.