კანდიდატის სტატუსი - რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესი

ინკლუზიურობა მთავრობისგან და კონსტრუქციულობა ოპოზიციისგან – ასეთია ევროკავშირის მთავარი გზავნილი 15 დეკემბრამდე.

კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების წინ ბრიუსელი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიებისგან ერთად მუშაობას ითხოვს. განსაკუთრებული აქცენტი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება. ევროკავშირის ელჩის მოწოდებაა, რომ 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გაცემული ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობა არჩევნებამდე დაიწყოს. ახლა მთავარი კითხვაა, მოხერხდება თუ არა ამჯერად მაინც 9-პუნქტიანი საშინაო დავალების გარშემო მხარეთა თანამშრომლობა. „ქართული ოცნება“ ოპონენტებთან სამუშაოდ მზადაა და შესაბამისი შეთავაზების გაკეთებას აანონსებს, თუმცა 12 პუნქტის გამოცდილების და შარშანდელი პარალელური პროცესების გათვალისწინებით შემხვედრ ნაბიჯებს ნაკლებად ელის. თავის მხრივ პროცესში ჩასართავად მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციის ნაწილი. თუმცა, გასული წლის გამოცდილების გამო პრეტენზიები ოპოზიციურ პარტიებსაც აქვთ.