კახა კალაძე: საბავშვო ბაღებში ევროპული სტანდარტი ყველა მიმართულებით უნდა დამკვიდრდეს

სკოლამდელი აღზრდის რომელი დაწესებულებები მიიღებენ  ბაღების გარეთ დარჩენილ 800-მდე ბავშვს, ჯერჯერობით უცნობია.

დღეს თბილისში მე-19, 84-ე და 125-ე ბაგა-ბაღებმა ფუნქციონირება შეაჩერეს. ეს გადაწყვეტილება ბაღების მართვის სააგენტომ  შენობების ტექნიკური მდგომარეობის გამო მიიღო.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბავშვები და მათი აღმზრდელები მიმდებარე ბაგა-ბაღებში გადანაწილდებიან. რა დრო დასჭირდება სარემონტო სამუშაოებს, კახა გვანცელაძე ვერ აკონკრეტებს.

გარეთ დარჩენილი ბავშვების მშობლები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბაღების დახურვის შესახებ ისინი წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. მათ უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ არ იციან, რომელ ბაღებში უნდა მიიყვანონ ბავშვები ორშაბათიდან.

თემაზე კომენტარი დღეს თბილისის მერმაც გააკეთა.