მცხეთაში დღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო მსახურება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ აღავლინა. საზეიმო წირვის შემდეგ, სამი ჯვრით ლიტანიობა დაიწყო. სვეტიცხოვლიდან მრევლი ანტიოქიის მონასტრის გავლით, მდინარე არაგვს ნავებით გადაკვეთს და მცხეთის ჯვრის მთის ძირში, გეთსამანიის ბაღში, „ქართლის ცხოვრების“ ქვა-სვეტთან შეიკრიბება. აქედან ჯვრებს სამი მიმართულებით გადააბრძანებენ და აღმართავენ მცხეთის ჯვარზე – „ყოველთა ქართველთა გოლგოთაზე“, თხოთის მთაზე – წმ. მეფე მირიანის მოქცევის ადგილზე და უჯარმაში – სამეფო ქალაქში. მომლოცველებს მოლოცვა მთელი წლის მანძილზე შეეძლებათ. დღესასწაულს საფუძვლად უდევს „ქართლის ცხოვრებაში“ აღწერილი ისტორია, - IV საუკუნეში მომხდარი სასწაული, როდესაც ღვთაებრივი ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვრის და მისგან გამოსული ორი ვარსკვლავის მოძრაობის მიხედვით, წმ. ნინომ, წმ.მეფე მირიანმა, წმ.ეპისკოპოსმა იოანემ და მორწმუნე ერმა აღმართეს ჯვრები მცხეთის ჯვარზე, თხოთის მთასა და უჯარმაში, რასაც ქართლში კერპების მსხვრევა და ხალხის მასიური გაქრისტიანება მოჰყვა. ჯვართაღმართების და ჯვრის გამოჩინების ეს უძველესი დღესასწაულები 2007 წელს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა და აღდგომიდან მე-3 კვირას აღინიშნება.