ჯო უილსონის შესწორებები აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში 

21:16, 24.07.2026

საქართველო ნეგატიურ კონტექსტში ფიგურირებს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტში.

საუბარია ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებული შესწორებების ავტორი ჯო უილსონია. „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკით გამორჩეული კონგრესმენის მიერ ინიცირებულ ჩანაწერებში მოთხოვნილია რუსეთის და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურების დადგენა, ამ ორი ქვეყნის გავლენების შეფასება და შიდა პოლიტიკური ვითარების ასახვა. შესწორებების მიხედვით, უნდა შეფასდეს, რჩება თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამერიკასთან და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების ერთგული და უნდა გაგრძელდეს თუ არა ამერიკის მხრიდან ქვეყანაში სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. იმისთვის, რომ დოკუმენტმა კანონის სახე მიიღოს, სენატის მხარდაჭერაცაა საჭირო. უილსონის მხრიდან საქართველოს შესახებ მძიმე შინაარსის დოკუმენტების ინიცირება ახალი არ არის – „მეგობარი აქტის“ ჩავარდნის შემდეგ სწორედ მან დააინიცირა ცოტა ხნის წინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკული რეზოლუციაც. ოპონენტებისგან გასხვავებით, ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ კონგრესმენის აქტივობები და მსგავსი დოკუმენტები ხელს ვერ შეუშლის ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას, მითუმეტეს, რომ ბოლოდროინდელი გზავნილების ფონზე მმართველი გუნდის მოლოდინი ამ კუთხით გაძლიერებულია.

მსგავსი