ჯო უილსონი სკანდალური საგამოძიებო საქმის ფიგურანტია
საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეული ამერიკელი კონგრესმენი სკანდალური საგამოძიებო საქმის ფიგურანტია.
საერთაშორისო მედიაში გასაჯაროებული ინფორმაცია რესპუბლიკელ ჯო უილსონსა და ლინდსი გრემს და დემოკრატ კონგრესმენ ჯეიმს კლაიბერნის ეხება. გამოცემა „პროპუბლიკა“ ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე და მოგვიანებით შეჩერებული საქმის დეტალებს ახმაურებს – საუბარია ქრთამის სანაცვლოდ სენატორების გავლენების და პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებაზე.
სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებს ჰავაიში დაფუძნებული სამხედრო კომპანია „ნავატეკი“, მთავარ მტკიცებულებად კი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის ჩვენება სახელდება. მარტინ კაოს ჩვენების მიხედვით, წინასაარჩევნო დაფინანსებების და შემოწირულობების სანაცვლოდ სენატორები კომპანიას სახელმწიფო კონტრაქტების და დაფინანსების მოპოვებაში ეხმარებოდნენ. სახელდება კონკრეტული გარიგებები, სქემები, შეხვედრები თარიღებით, პირობები და კონგრესმენებისთვის ჩარიცხული თანხების ოდენობა. იმ ფონზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერით გამორჩეული უილსონის დღის წესრიგში ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები აქტუალურია, შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე გაჟღერებულ ცნობებს საქართველოში რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა.