ჯო ბაიდენის განცხადება

ჯო ბაიდენი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს აკრიტიკებს, რომ მან ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტზე ხელი არ მოაწერა.  „პასუხისმგებლობის ასეთ უგულებელყოფას გამანადგურებელი შედეგები მოაქვს, ეს კანონპროექტი გადამწყვეტია. მას ხელი ახლავე უნდა მოეწეროს”- განაცხადა პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა.  საუბარია 892 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების კანონპროექტზე, რომელიც მოქალაქეებისთვის ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთავაზებული დახმარება 600 დოლარიდან 2000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს.  „როიტერი“ წერს, რომ ეკონომისტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ კანონპროექტით გაწერილი 600 დოლარი საკმარისი არ არის, თუმცა ამასთანავე აუცილებელია დაუყოვნებლივი ფინანსური დახმარების დამტკიცებაც. დონადლ ტრამპის ხელმოწერის გარეშე 14 მილიონი ადამიანი დამატებითი დახმარების გარეშე დარჩება.