ამერიკის პრეზიდენტი უკრაინის მორიგ მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს – მზად ვართ, გავცეთ გადამწყვეტი პასუხი რუსეთს, თუ ის უკრაინაზე განახორციელებს შეტევას, რისი შანსიც ჯერ კიდევ დიდია. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ რუსეთთან ურთიერთობებში დიპლომატიის გზას ანიჭებს უპირატესობას და ვაშინგტონმა წარადგინა კონკრეტული იდეები ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონს ჯერ არ დაუზუსტებია რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის საჯარისო ნაწილები ბაზებს ნამდვილად უბრუნდება. ჯო ბაიდენს არ სჯერა, რომ რუს ხალხს უკრაინასთან ომი სურს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი ერთიან საერთაშორისო პასუხს მიიღებს.