ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებით დაკავებულების სასამართლო

18:26, 07.07.2025

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის პროცესზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ნუგზარ მირიანაშვილი დაიკითხა, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. მისი განცხადებით, 30 ნოემბერს, 23 საათის შემდეგ აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, მონაწილეები ფოიერვერკებს და ბლაგვ საგნებს ისროდნენ. მისი თქმით, ფეხზე მოხვდა ფოიერვერკი და მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მოწმემ განაცხადა, არ დაუნახავს თუ ვინ ესროლა ფოიერვერკი და ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა გამოძიება თუ გამოკვეთს დამნაშავეს, მასთან პრეტენზია ექნება. ადვოკატების შეკითხვაზე, იცნობს თუ არა საქმის მასალებს და ვიდეოებს, განაცხადა, რომ არ იცნობს, ვიდეოების ნახვის შემთხვევაში კი – საკუთარი თავის ამოცნობა არ შეუძლია. ადვოკატების შეკითხვები შეეხებოდა მოწმემ დაინახა თუ არა სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობა, როგორც ადგილზე, ისე ტელევიზიით –  რაზეც მოწმის პასუხი იყო, რომ არ დაუნახავს და არ სმენია. მანამდე შსს-ს თანამშრომელი, საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ირაკლი გველესიანი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდეოებში სერგეი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი ამოიცნო. მისი თქმით, ერთი ბრალდებული ჯებირს აადგილებდა, მეორე კი ნივთს ცეცხლს უკიდებდა. დღეს დაკითხულმა კიდევ ერთმა მოწმემ, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელმა მათი სამსახურისთვის მიყენებულ ზიანზე ისაუბრა.

პროცესი 9 ივლისს განახლდება.

მსგავსი