„ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ ხელმძღვანელი პატიმრობაში რჩება

სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომლის ობიექტზე 16 წლის მუშა დაიღუპა, პატიმრობაში რჩება. სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარა და პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის თაობაზე დააკმაყოფილა.

ადვოკატი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ ხელმძღვანელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ სამუშაოების წარმოებაზე პირადად მას ნებართვა არ გაუცია.

დაკავებული დირექტორის უფლებადამცველი ამბობს, რომ სამუშაოებს დოლაბაურის ქუჩაზე ორი ქართული ქვეკონტრაქტორი კომპანია ასრულებდა და შესაბამისად, „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ მფლობელი ერთადერთი პასუხისმგებელი პირი ვერ იქნება.

დაკავებული, რომელსაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებიან, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.